ყაზბეგის მერი მოსახლეობას ახალ 2022 წელს ულოცავს
ძვირფასო მოხევეებო, მიხარია და მეამაყება, რომ დღეს, შემიძლია მოგილოცოთ დამდეგი 2022 წლის შემობრძანება ისე, როგორც ყაზბეგის მერმა.
ფეხბედნიერი, წარმატებული და იღბლიანი ყოფილიყოს 2022 წელი. ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.
ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ომს უხილავ მტერთან, რომელმაც მთელ მსოფლიოს უარი ათქმევინა ჩვეული ცხოვრების წესზე და სამწუხაროდ დაგვაკარგინა ძვირფასი ადამიანები. პანდემიამ, თითოეული ჩვენგანი კიდევ უფრო მეტად დაგვაფიქრა მთავარ ღირებულებებზე, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რომლის გარეშეც არაფერს აქვს აზრი.
პირველ რიგში, უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით ახალი წელი ჩვენ უწმინდეს პატრიარქს მინდა მივულოცო. მისი მამობრივი მზრუნველობა და ლოცვა-კურთხევა არ დაელიოს ხევსა და მოხევეებს.
ვულოცავ ჩვენს პოლიციელებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც ამ ღამითაც კი, ჩვენი და ჩვენი მხარის მშვიდობასა და წესრიგს დაიცავენ.
ვულოცავ საჯარო მოხელეებსა და პედაგოგებს, ყველას, ვინც დაუღალავად შრომობს ჩვენი კუთხის უკეთესი ხვალინდელი დღისათვის.
ვულოცავ პატარებსა და უფროს თაობას, რომელთაც მინდა ვუთხრა, განსაკუთრებულად მოსაფრთხილებლები და ძვირფასები არიან ჩვენთვის!
დარწმუნებული ვარ, ერთიანობა და დაუღალავი შრომა, მიგვიყვანს მიზნამდე, რომელსაც „ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის“ ქვია.
მოწყალე ღმერთმა უმრავლოს ჩვენ ხევს, ჩვენ სტეფანწმინდას, მრავალგზით მოკეთე ადამიანები. ჯანმრთელობა, სიკეთე, სიხარული, წყალობა და მადლი გქონდეთ. ერთად გვეკეთებინოს ჩვენი ხევისათვის სასარგებლო და ქვეყნისთვის სასახელო საქმეები!