ხურთისში, სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები დაიწყო

სოფელ ხურთისში, სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები დაიწყო. 

სპეციალური დანიშნულების ტექნიკა დილიდან ახორციელებს მდინარე ქესიას კალაპოტის აღდგენისა და სოფლამდე მისასვლელი გზის გაწმენდის სამუშაოებს. 

საჭიროა მყინვარული მდინარის გრძივი ნაკადის დაბრუნება საწყის კალაპოტში და გზის წმენდა ნაშალი ქვა-ღორღისგან. 

სამუშაოებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, პირველ მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილსა და ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო. 

შეგახსენებთ, რომ 28 მაისს, უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე ქესიამ, კალაპოტი შეიცვალა და სოფლის გზის სავალი ნაწილი მთის ნაშალი ქვა-ღორღით დაფარა, რის შედეგადაც, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, დამცავი ჯებირები და ხიდები.