4 მაისს ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დაიწყო

პირველად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, 15-წლამდელთა შორის, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს პირველობას მასპინძლობს.

ჩემპიონატი ყაზბეგში იმართება და მასში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 600-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.

1-3 მაისს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა გაიმართა, რომლის ფინალური შეხვედრის გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ, ხოლო დღეს ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დაიწყო.

შეჯიბრის გახსნის ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა. დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს და ჩემპიონატის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს სახელმწიფო რწმუნებულმა, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ტარიელ ხულელიძემ.

„ქრისტე აღდგა! მოგესალმებით ყველას - სამხარეო ადმინისტრაციას, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას, ყველა სტუმარს, განსაკუთრებით კი, ღია პირველობის მონაწილეებს. პირველად ისტორიაში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, საქართველოს პირველობას მასპინძლობს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 15-წლამდელთა შორის, რომელშიც მთელი საქართველოს მასშტაბით, 600 - ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. გუშინ გაიმართა ფინალური შეხვედრები და კლასიკური სტილით ჭიდაობაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დღეს გაიხსნა თავისუფალი სტილით ჭიდაობის სეტი, რომელშიც მოხევე სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას, ამიტომ დღევანდელი და ხვალინდელი დღე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, ამაღელვებელი და აზარტულია ჩვენთვის. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ტარიელ ალიბეგაშვილის სანიმუშოდ ორგანიზებული ტურნირი გახდა საფუძველი, წელს, საქართველოს პირველობის ჩატარებისა ხევში. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო, სპორტის განვითარების ცენტრს. მადლობა ამ დღესასწაულის ორგანიზებისათვის. ნამდვილად, უკვე რამდენიმე დღეა, ხევში, სპორტულად აქტიური და საზეიმო გარემოა. ყველას გისურვებთ წარმატებასა და გამარჯვებას, არა მხოლოდ სპორტში, ცხოვრებაში.“ განაცხადა ტარიელ ხულელიძემ

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, წარმოდგენილი იყო საცეკვაო ნომრები, რომლებიც ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "მთის შვილები" შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ფინალური შეჯიბრი ხვალ გაიმართება, რითაც საქართველოს ჩემპიონატი 15-წლამდელთა შორის დასრულდება.