თეონა ასათიანი - სასიამოვნოდ გაოცებული ვარ იმ რეალობით, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაგვხვდა

ყაზბეგის სპორტის განვითარების ცენტრმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სპორტის ცენტრის ადმინისტრაციასა და მწვრთნელებთან.

სამინისტროს თანამშრომლებმა სპორტის ცენტრის ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულეს, შეაფასეს სპორტული ინვენტარი, დაესწრნენ ვარჯიშებს და არსებული საჭიროებების შესახებ მოისმინეს მწვრთნელებისგან.

საუბარი შეეხო სპორტის განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამას, რომელიც სპორტსმენთა და სპორტის სხვა მუშაკთა წახალისებას, სპორტული ბაზების კეთილმოწყობას,  ეროვნული სპორტული ფედერაციებისათვის სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშემწყობი ღონისძიებების ჩატარებასა და სპორტის სფეროში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს.

„სასიამოვნოდ გაოცებული ვარ იმ რეალობით, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაგვხვდა. ამდენი სიკეთე, მიმართული ბავშვების/ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების  წესისა და სპორტული კარიერის განსავითარებლად, იშვიათად მინახავს. სამაგალითოა თქვენი თვითმმართველობა, სპორტულ წრეებზე გაუქმებული გადასახადები. სხვაგან, აღსაზრდელების  სიმრავლეს ვუსურვებთ ხოლმე, თქვენთან კი, იმდენი ბავშვი დაგვხვდა ვარჯიშზე, ისღა დაგვრჩენია, ოლიმპიური ჩემპიონები გისურვოთ.“ - განაცხადა სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა თეონა ასათიანმა