ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 9 საბავშვო ბაღს 10 000 ლარის ღირებულების სათამაშოები გადაეცა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 9 საბავშვო ბაღს, შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიების გათვალისწინებით, მეთოდოლოგიით განსაზღვრული თემატიკის სათამაშოები გადაეცათ.

ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო, სხვადასხვა ტიპის სათამაშო ა(ა)იპ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრმა შეიძინა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან ერთად ესტუმრა. ბავშვებს დღესასწაული მიულოცა და სათამაშოები პირადად გადასცა.სპეციალურად ბავშვებისათვის შერჩეული გასართობი შოუ-პროგრამით, ბაღებს სტუმრობდნენ ზღაპრის გმირები და ანიმატორები.
“გილოცავთ წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანებისა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! დღევანდელი დღესასწაული ისეთივე ლამაზი და ფერადია, როგორც თავად ბავშვები. გოეთეს სიტყვებია: „ბავშვმა მშობლებისგან ორი რამ უნდა მიიღოს: ფესვები და ფრთები“ .ჩვენს შვილებს ფესვები საუკეთესო აქვთ, ფრთების შესხმა კი ჩვენზეა, ამიტომ უნდა ვეცადოთ, მათი ყოველი ახალი დღე იყოს უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ. ხევში მცხოვრებ ყველა პატარას და მათთან ერთად, დანარჩენი მსოფლიოს ყველა ბავშვს ვუსურვებ მშვიდობიან სამყაროში ცხოვრებას, ძლიერ და წარმატებულ მომავალს.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.

1-ელ ივნისს მსოფლიო ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. დღესასწაული 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის ინიციატივით დაწესდა და 1950 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება.