სტიქია ყაზბეგში - ხურთისში მდინარე ქესიამ ბეტონიანი გზის ნაწილი წაიღო

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმრიცხველი მუდმივმოქმედი კომისია, შესაბამისი მიმართულების ექსპერტებთან ერთად, სოფელ ხურთისში ზარალის ოდენობას დაითვლის.

სოფელ ხურთისში, სადაც გუშინ მყინვარულმა მდინარე ქესიამ ბეტონიანი გზის ნაწილი წაიღო, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იმყოფებოდა. თამაზ ალიბეგაშვილმა სტიქიის ადგილები, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მოინახულა.

„გადაუღებელმა წვიმებმა ყაზბეგში დიდი ზიანი მიაყენა საგზაო ინფრასტრუქტურას. სოფელ ხურთისამდე მისასვლელ საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეზღუდულია. მერიის შესაბამის სამსახურებს გთხოვთ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ეფექტიანი კომუნიკაციით, დროულად შევძლოთ მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვა. უხვი ნალექისგან მიყენებული ზიანის აღდგენისა და გზების წმენდის სამუშაოებს პირადად გავუწევ მონიტორინგს.“ - განაცხადა თამაზ ალიბეგაშვილმა

30 მაისს, უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარემ, კალაპოტი შეიცვალა და სოფლის გზის სავალი ნაწილი მთის ნაშალი ქვა-ღორღით დაფარა, რის შედეგადაც, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, დამცავი ჯებირები და ხიდები.