შეხვედრა იურიდიული დახმარების სამსახურთან

11 ივლისი, 2019

  უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის ბოლომდე ყაზბეგში იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება, სადაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერმა პირმა ნებისმიერ საკითხზე მიიღოს უფასო სამართლებრივი კონსულტაცია.

  დღეს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

  იურიდიული დახმარების სამსახურის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ - სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი, მცხეთა-მთიანეთის ბიუროს თანამშრომლები და სამსახურის ანალიტიკოსთა ჯგუფი.

  შეხვედრას ყაზბეგის მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული ა(ა)იპ-ების წარმომადგენლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, უხუცესები, ყაზბეგის განვითარების ჯგუფის წევრები, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, ყაზბეგის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი, სკოლის დირექტორები, არაფორმალური განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, სასამართლოს, პროკურატურის, პოლიციის და სხვა სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   შეხვედრაზე ისაუბრეს თუ რა სახის დახმარებას უწევს მოქალაქეებს იურიდიული დახმარების სამსახური, ვის უნდა მიაკითხონ რჩევისათვის, როდესაც საჭიროა მიწის რეგისტრაცია, მემკვიდრეობის მიღება, საბანკო პრობლემებისგან გამოსავლის პოვნა და ა.შ.

  იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ სულხან გველესიანმა წარადგინა პრეზენტაცია - „გაიგე მეტი ემიგრაციის შესახებ“.

გააზიარე