დასრულდა ყაზბეგის პირველი ონლაინ საჭადრაკო ჩემპიონატი 

4 May, 2020

დასრულდა ყაზბეგის პირველი ონლაინ საჭადრაკო ჩემპიონატი დაძაბულ ბრძოლაში გამოვლინდნენ ჩემპიონი და პრიზიორები.

  სიმბოლურია, რომ ტურნირის ჩატარება ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის - ნონა გაფრინდაშვილის 79 წლის იუბილეს დაემთხვა. ვულოცავთ ქალბატონ ნონას დაბადების დღეს და ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს.

  ჩემპიონობა გიორგი ელოშვილმა მოიპოვა, რომელმაც შესანიშნავად იასპარეზა. 5 გამარჯვებითა და 1 ფრით დაასრულა ტურნირი და პირველი ონლაინ ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

  მეორე ადგილი ირაკლი კვარაცხელიამ დაიკავა, რომელმაც ასევე დაუმარცხებლად იასპარეზა, ჩემპიონის დარად 5.5 ქულა მოაგროვა და მხოლოდ დამატებითი კოეფიციენტით ჩამორჩა გიორგი ელოშვილს.

  მესამე საპრიზო ადგილი ავთანდილ ავსაჯანიშვილს ერგო, რომელმაც 4 ქულა მოაგროვა, ძალიან კარგი თამაში აჩვენა და მხოლოდ ლიდერებთან დაძაბულ ბრძოლებში დამარცხდა.

  გამოსარჩევია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სასკოლო ასაკის ჩემპიონი - ნიკოლოზ ნარიმანიძის თამაში. ნიკოლოზი ბოლო ტურში გიორგი ელოშვილს შეხვდა და გამარჯვების შემთხვევაში მეორე ადგილზე გასვლის შანსი ჰქონდა, თუმცა დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა, მეოთხე ადგილი დაიკავა და ერთი ნაბიჯი დააკლდა საპრიზო სამეულამდე. კარგი შთაბეჭდილება დატოვა და სხვა მონაწილეებთნ ერთად თანაბარი ქულებით, მეხუთე - მეცხრე ადგილები გაინაწილა სასკოლო ჭადრაკის ვერცხლის მედალოსანმა რეზი სუჯაშვილმა.

  ასევე გამოსაყოფია ყველაზე პატარა 8,10 და 11 წლის მონაწილების თამაში, შესაბამისად: გაბრიელ ლებანიძე, მათე ჭიალაშვილი და რომა კობაიძე გაცილებით უფროსი ასაკის მოწინააღმდეგეებს ბრწყინვალედ ეპაექრნენ, ერთნაირი შედეგი აჩვენეს და 2-2 ქულით დაასრულეს ჩემპიონატი. წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში უნიჭიერეს პატარა მოჭადრაკეებს!

  სატურნირო მდგომარეობა (პირველი ათეული)

  •   გიორგი ელოშვილი (თემურის ძე) - 5.5
  •   ირაკლი კვარაცხელია - 5.5
  •   ავთანდილ ავსაჯანიშვილი - 4
  •   ნიკოლოზ ნარიმანიძე - 3.5
  •   ლადო ავსაჯანიშვილი, რეზი სუჯაშვილი, იაგო გელაძე, გიორგი ელოშვილი (ბეჟანის ძე) - 3
  •   მირიან ხეთაგური - 2.5

  ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრი მადლობას უხდის ყველა მოჭადრაკეს ტურნირზე მონაწილეობისათვის. ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს ჭადრაკის ტურნირების ჩატარებას ონლაინ სივრცეში.

#დარჩისახლში
#ითამაშესახლიდან
#იცხოვრეჯანსაღად

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე